ქუთაისის ისტორიული ძეგლები

აგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.



გეგუთის ციხე-დარბაზი
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია,იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით მდ. რიონის ნაპირას. ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის, როგორც მატიანე მოწმობს, გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ციხე-დარბაზში სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრეული(VIII-IXსს.)გეგმით მარტივი, დიდბუხრიანი სათავსო, ე.წ სანადირო სახლი,რომელშიც შემდგომში მრავალოთახიანი დიდი ციხე-დარბაზის სამზარეულოს ფუქნციას ასრულებდა. XII საუკუნეში თლილი ქვის მაღალ სამმეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხ იარუსიანი ციხე-დარბაზი. მისი მთავარი ნაწილია 14-მეტრიანი გუმბათით გადახურული ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი, სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები. მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული. მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.




ქუთაისის აღმოსავლეთით, ექვსი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი მოწამეთა რომელიც მდ.წყალწითელას მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. ხეობაში ღრმად შეჭრილი ციცაბო კლდოვან კონცხზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-მოწამეთის სამონასტრო ანსამბლი. ანსამბლში შედის ეკლესია, სამრეკლი, გალავანი და სამეურნეო ნაგებობანი. თავდაპირველად აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, რომელშიც მერვე საუკუნის 30–იან წლებში მურვან ყრუს მიერ ნაწამები არგვეთელი მთავრების დავით და კონსტანტინეს ნეშთი დაუსვენებიათ. მეათე საუკუნეში ბაგრატ მესამეს ეკლესია განუახლებია და უფრო მოზრდილი შენობა აუგია.თანამედროვე სახე კი მონასტერმა მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო.



შუა საუკუნეების სქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი გელათის მონასტერი აგებულია ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ 11 კმ-ზე მდინარე წყალწითელას ხეობაში. სიტყვა „გელათი“ უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას „ღენიჰი“ ანუ „გენა“, რაც ნიშნავს რაც შობას. დაარსებულია 1106წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. 

 

ოქროს ჩარდახი
მდ. რიონის მარცხენა ნაპირთან მდებარეობდა ყოფილი "პატარა ქუთაისი", ანუ ქალაქის მარცხენა ნაწილის უძველესი ბირთვი. ამ ადგილს ამჟამად დასავლეთიდან მდინარე ჩამოუდის, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსთაველის პროსპექტი, სამხრეთიდან – ვ.ანჯაფარიძის ბაღი. ეს ადგილი გამოუყენებიათ მეფეთა სასახლეების ასაგებად. ძნელია დაბეჯითებით ითქვას, თუ რა დროს შეიქმნა აქ სამეფო რეზიდენცია, რადგან წყაროებში ამის შესახებ არ არსებობს მითითება. უფრო საფიქრებელია, რომ სასახლეები იმ პერიოდში აშენდა, როცა ქუთაისი აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქად იქცა. 



საფიჩხიის წმინდა სამების ეკლესია
1905 წლის ოქტომბერში საფიჩხიის წმინდა სამების ეკლესიის პროექტი ძველ ქართულ სტილში 150 მლოცველზე შეადგინა ინჟინერმა სახაროვმა.
ქართულ სტილში 150 მლოცველზე შეადგინა ინჟინერმა სახაროვმა. 1906 წლის აპრილში საფიჩხიის სასაფლაოს კეთილმოწყობის სამზრუნველომ (რომელიც 1904 წლიდან არსებობდა), ეკლესიის აგებაზე ხელშეკრულება დადო ბერძენ ოსტატებთან ქრისტეფორე თოფალ-ოღლისთან და გიორგი ადამ-ოღლისთან. ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა 1906 წლის 11 მაისს, ამაღლებას. 1940 წლის იანვარში ეკლესია გააუქმეს და გადააკეთეს სპეცსაწყობად, შემდეგ კი რკინისა და ქვის საამქროდ. 1989 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენის სამუშაოები: შენობას დაედგა გუმბათი და კაპიტალურად შეკეთდა. განახლებული ეკლესია ეკურთხა 1990 წლის 10 თებერვალს.



ლეგენდის თანახმად ქართველი მწერალი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილმა ქუთაისის ამ ულამაზეს უბანს მიაშურა. ეკლესიის მამებს ევროპიდან წამოღებული უცხო თესლი დაუტოვა. სულ მალე უბანში მწვანე ყვავილები აბრიალდნენ. .

მწვანეყვავილა ქალაქს ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრება. იგი რიონის ხეობას დაჰყურებს. მისი მარცხენა ნაპირი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და საინტერესოა ისტორიული ძეგლებითაც. ყველაზე ადრინდელი ძეგლი, ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს მწვანეყვავილას გორაკის დასავლეთ კონცხზე. ეკლესიამ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია და იგი აგებულია 1013 წელს. მწვანეყვავილას ტერიტორიაზე მდებარეობს კიდევ ორი ძველი ნაგებობა, თავდაცვითი დსანიშნულების ციხე-სიმაგრე კოშკი და პატარა ბაზილიკური ეკლესია. კოშკი ოთხკუთხად შეკრული ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული წარმოადგენს მტკიცედ შეკრულ თაღოვან ოთახს. კოშკის კედლის სისქე ორ მეტრამდეა და ოთხივე მხრიდან სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების სათოფურები აქვს. შენობის მეტრნახევარ სიმაღლეზე გაკეთებულია ნიშები. მას იყენებდნენ სათვალთვალო პუნქტად. ციხე აგებული უნდა იყოს 1637 წელს. 1956 წლიდან ეს ადგილი გამოცხადებულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. 1909-1913 წ.წ. მწვანე ყვავილის ტერიტორიაზე აგებული იქნა ეკლესია, რომელიც ეკურთხა 1914 წელს მთავარანგელოზთა-მიქაელისა და გაბრიელის სახელით

No comments:

Post a Comment